"საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ ოქტომბერში -0.2% შეადგინა, ხოლო წინა თვეში ეს მაჩვენებელი 0.1% იყო.
წლიური ინფლაციის ეს დონე 2016 წლის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია.
წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ფასები 0.5%–ით გაიზარდა, სექტემბერში 0.3%–იანი ზრდის შემდეგ.
ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე ოქტომბერში 10.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე და ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია. კავშირგაბმულობის ჯგუფში 3.9%-იანი, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მიმართულებით 2.8%-იანი, ხოლო სურსათის ჯგუფზე 0.2%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.
ოქტომბერში ფასების 6.7%–იანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების 16.1%–იანმა კლებამ განაპირობა. შარშან ოქტომბერთან შედარებით ფასები 5.2%-ით შემცირდა ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე და 3.9%-ით ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)