რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმე გრიგორი კარასინმა არ გამორიცხა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა და ამ საკითხთან მიმართებაში ისეთივე სამუშაოს ჩატარებაზე მიანიშნა, რასაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად გადის.
რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში, რომელიც 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, კარასინმა, რომელიც რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ე.წ. პრაღის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიხსენა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ რუსეთმა „რადიკალურად" გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო წესები.
საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2012 წლის მარტში ცალმხრივად მოხსნა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება და რამდენად შეუძლია ამ გეგმებზე გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მიერ ვიზების მოსალოდნელმა გაუქმებამ საქართველოსთვის, კარასინმა უპასუხა: „პრინციპში არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას საქართველოსთან და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან მიმართებაში მხედველობაში უნდა მივიღოთ შესაბამისი პროცესები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“.
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მზადყოფნის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შარშან დეკემბერში იმ დღეებში გააკეთა, როცა ევროკომისიამ საქართველოს უვიზო რეჟიმის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სავიზო საკითხებში რუსეთის გააქტიურება ევროკავშირის საზღვრების მოსალოდნელ გახსნას უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მას შემდეგ, რაც, კარასინის თქმით, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ვიზები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, 2012 წელს ბრიუსელი დათანხმდა მოლაპარაკებების დაწყებას საპასუხო ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც მოყვა სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის შესრულებაზეც „თბილისი რეგულარულად აბარებდა ანგარიშს რამდენიმე წლის განმავლობაში“.
„ამდენად, საუბარია დიდ და სკურპულოზურ სამუშაოზე, რომელიც მოიცავდა, როგორც ვვარაუდობ, მჭიდრო სახელმწიფოთაშორის ურთიერთქმედებას საგარეო პოლიტიკური და სხვა ბევრი უწყებების ხაზით. უნებლიედ ისმის კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის სიტუაციაში?“ – ამბობს კარასინი.
ამავე ინტერვიუში, ის აცხადებს, რომ „ქართული მხარე კვლავაც არ არის მზად აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც მან 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა“ აგვისტოს ომის შემდეგ.
კარასინის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოხერხდა ორმხრივი ურთიერთობების „მნიშვნელოვანი გაჯანსაღება“ და „ჩიხიდან გამოყვანა“, თბილისი პერიოდულად კვლავაც იყენებს „კონფრონტაციულ რიტორიკას“ რუსეთის მიმართ, რაც „რბილად, რომ ვთქვათ არ სძენს სტაბილურობას ზემოაღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციებს“.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მაღალი დონის შეხვედრები არ იგეგმება, როცა უპასუხა კითხვას იყო თუ არა მოსალოდნელი დეკემბრის ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)