რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 3 ნოემბერს მოლაპარაკებები გამართა სეპარატისტული აფხაზეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან დაურ კოვესთან, რომელიც ამ რანგში მოსკოვს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია.
„შეხვედრის დროს მხარეებმა გულდასმით განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში ურთიერთქმედების მთავარი მიმართულებები, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა“, – იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
„შემდგარმა დიალოგმა გამოავლინა თანხვედრა ან პოზიციათა სიახლოვე განსახილველ პრობლემატიკაზე, ორმხრივი განწყობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე“, – ნათქვამია შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენი ურთიერთობები სამოკავშირეო ხასიათს ატარებს. ეს რესპუბლიკის მშვიდობიანი განვითარების მთავარი წინაპირობაა“, – მიმართა მოლაპარაკებები გახსნით სიტყვაში ლავროვმა დაურ კოვეს, რომელსაც მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.
კოვე სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი ოქტომბრის დასაწყისში მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბრის მეორე ნახევარში მისი წინამორბედი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამ თანამდებობიდან გადადგა.
ლავროვმა განაცხადა, რომ სოხუმთან ორმხრივი ურთიერთობები მყარ სამართლებრივ ბაზას ემყარება, რომელიც ურთიერთობების "პრაქტიკულად ყველა სფეროს" მოიცავს; ამ კონტექსტში მას „სიხარულით“ ახსენა წინა დღეს იმ ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის სათათბიროს მიერ, რომელიც რუსული და აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს და რაც თბილისმა დაგმო, როგორც „ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი“, რომელიც „მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას“.
ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი პრიორიტეტს სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას ანიჭებს. შეხვედრის დასაწყისში მან ასევე ისაუბრა საგარეო საკითხებზე და განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს აფხაზეთის „მხარდაჭერის გაძლიერებას საერთაშორისო არენაზე“.
„ქმედებათა მჭიდრო კოორდინაციის იმედი გვაქვს სამხრეთ კავკასიაზე ჟენევის დისკუსიების ფორმატში, პირველ რიგში ძალის არ გამოყენების თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების დაძვრის თვალსაზრისით, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული მედვედევი-სარკოზის გეგმის ფარგლებში, რომელმაც მოახდინა საერთაშორისო დისკუსიების ინიცირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ძალის გამოუყენებლობლის ვალდებულება ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიებზე. საქართველომ უკვე დადო ცალმხრივად ძალის არგამოყენების პირობა 2010 წელს და მას შემდეგ მოუწოდებს რუსეთს, რომ იგივე გააკეთოს. რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უკვე დიდი ხანია განიხილავენ ძალის არგამოყენების თაობაზე ერთობლივი განცხადების მიღების შესაძლებლობას. თბილისს განცხადების ტექსტში იმის ჩაწერა სურს, რომ მოსკოვმაც უნდა იკისროს ძალის არგამოყენების ვალდებულება.
„ვიცი, რომ 9 ნოემბერს სოხუმში ელოდებით ჟენევის დისკუსიებში მონაწილე შუამავლების დელეგაციას. დაინტერესებული ვიქნებით ამ მოსალოდნელი კონტაქტების თაობაზე თქვენს შეფასებებში“, – მიმართა ლავროვმა აფხაზურ დელეგაციას შეხვედრაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)