Site icon Civil.ge

ბაიდენმა კვირიკაშვილს მოუწოდა ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა რეფორმების გაგრძელებისთვის გამოიყენონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბარში მოუწოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ქართულმა ოცნებამ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა რეფორმების გაგრძელებისთვის გამოიყენოს.

„ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა, რათა მიელოცა მისი პარტიის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა, „ვიცე-პრეზიდენტმა შეაქო საქართველო, როგორც დემოკრატიული ლიდერი რეგიონში“. 

„ლიდერები თანხმდებიან, რომ ძლიერი უმრავლესობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას მართოს ინკლუზიურად, რეფორმების მხარდამჭერი ყველა ძალის ჩართულობით“, – ნათქვამია განცხადებაში,  

„ვიცე-პრეზიდენტმა  მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, რომ არჩევნების შედეგები გამოიყენოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასაგრძელებლად, რაც ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას დაეხმარება“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარში, რომელიც  „ამერიკული მხარის ინიციატივით“ შედგა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს“. 

„ლიდერების შეფასებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვება, მთავრობისთვის, რეფორმების გაგრძელების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ.

ამავე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და "სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს".

სატელეფონო საუბარში ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის სათათბიროს მიერ სეპარატისტულ აფხაზეთთან იმ შეთანხმების რატიფიცირებაზე, რომელიც გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან დადებული „ხელშეკრულების“ რატიფიცირება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე“, აცხადებს თეთრი სახლი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)