საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიწვევით 18-25 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრება.
ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან მიწვეულნი მოსკოვში, 20 ნოემბერს ერთობლივ წირვას აღავლენს.
როგორც civil.ge-ს საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, ჯერ-ჯერობით უცნობია შედგება თუ არა ვიზიტის ფარგლებში ილია მეორეს რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს პატრიარქის ეს უკვე მეხუთე სტუმრობა იქნება რუსეთში 2008 წლის დეკემბერში, 2011 წლის ნოემბერში, 2013 წლის იანვარსა და ივლისში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, რომელთა ფარგლებშიც ილია მეორე რუსეთის მაშინდელ და ახლანდელ პრეზიდენტებს, შესაბამისად, დიმიტრი მედვედევსა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)