Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი: ძალოვანი მინისტრების ცვლილება არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ კაბინეტში დაგეგმილი „რამდენიმე“ შესაძლო ცვლილების ფარგლებში ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება.

ამასთან, მან თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას რეფორმების განხორციელების კუთხით „სრული მხარდაჭერა“ აღუთქვა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და ჩვენი სამხედრო და უსაფრთხოების სისტემა უნდა იყოს მზად ყოველგვარი ასეთი გამოწვევისათვის. არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები მთლიანად თავდაცვის სისტემის რეფორმირების, რათა ის მოვიდეს სრულ შესაბამისობაში ნატოს სტანდარტებთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უკვე იწყება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის „ძალიან მნიშვნელოვანი“ მემორანდუმის „დანერგვა“ და ამ მიმართულებით „მთელი მთავრობის კონსოლიდაცია“ უნდა მოხდეს.

„მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს 7 ნოემბერს იმ ღონისძიების ფარგლებში, სადაც ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრად მისი 100-დღიანი მუშაობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე საუბრისას იმ გამოწვევებს შორის, რომელიც თავდაცვის სისტემას აქვს, იზორიამ საბრძოლო მზადყოფნისთვის მობილიზებული არასაკმარისი თანხები,  გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატი და გადაწყვეტილების მიღების ცენტრალიზებული სისტემა დაასახელა. მისი თქმით, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ჯარის სათანადოდ აღჭურვა და წვრთნები, მათ შორის საერთაშორისო სწავლებები, „მაქსიმალურ დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი“. 

გეგმებს შორის იზორიამ მისი წინამორბედის, თინა ხიდაშელის მიერ ივნისში მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებაც დაასახელა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების გაწვევა აიკრძალა და რასაც თავის დროზე მმართველი პარტიის კრიტიკა მოჰყვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)