ნაციონალური მოძრაობა პოსტსაარჩევნო ყრილობისთვის ემზადება მმართველობის თაობაზე იმ შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრთა ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას უჭერს მხარს, როცა მათი ოპონენტები ამ პოსტის ვაკანტურად დატოვებას ითხოვენ.
ყრილობის თარიღი და ასევე მისი დღის წესრიგი, რაზეც სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მსჯელობს, როგორც civil.ge-ს პარტიაში 8 ნოემბერს განუცხადეს, ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა 2015 წლის დეკემბრიდან ვაკანტურია, რადგან ექსპრეზიდენტმა და ამ პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან ერთად, ასევე დაკარგა უფლება ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე. მას შემდეგ პარტიას ფორმალურად 60-წევრიანი პოლიტსაბჭო მართავს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ლიდერის, დეპუტატ დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით და ასევე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობით.
მმართველობის სადავეების თაობაზე პარტიაში დაპირისპირება მას შემდეგ გასცდა მის ფარგლებს, რაც თბილისის ყოფილმა მერმა და პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ ციხიდან გავრცელებული ღია წერილით მოუწოდა თანაპარტიელებს ახალი თავმჯდომარის არჩევისკენ, რადგან „პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი“.
იმ „ხარვეზებსა და შეცდომებს“ შორის, რომელიც, უგულავას თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანიისას დაუშვა, იყო „პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე – ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?“, რაზეც პარტია „დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა“. უგულავას შეფასებით, ამ „გაურკვევლობამ“ შექმნა წარმოდგენა, რომ „საზოგადოებას ვთავაზობთ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას“ და მოხდა ის, რომ ქვეყანამ „ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა“. მისივე თქმით, პარტიაში შესაძლოა 20-მდე ადამიანმა თუ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, „მისი შესაძლო სურვილის“ მიუხედავად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ყოფილა.
„აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს“, – განაცხადა უგულავამ, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიის თბილისის თავმჯდომარის პოტს ტოვებს და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მისი შემცვლელის არჩევისკენაც მოუწოდებს.
„მე არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს“, – აღნიშნა მან წერილში, რომლის პათოსსაც მთლიანად დაეთანხმა პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და არჩეული დეპუტატი გიგა ბოკერია.
თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა, რომელმაც ეს თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა და უკრაინის ოპოზიციაში გადავიდა, ნაწილობრივ გაიზიარა უგულავას იდეა, როცა 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ფართო წარმომადგენლობით“ პარტიის ყრილობის მოწვევისკენ მოუწოდა ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის ასარჩევად, თუმცა „იმ ხალხისგან, ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი“.
„ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სააკაშვილმა და პარტიაში „გადაჯგუფებისკენ“ და ნებისმიერი ჯგუფის მიერ ნაციონალური მოძრაობის „უზურპაციის“ წინააღმდეგ მოუწოდა.
ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ის წევრი, მათ შორის ნინო კალანდაძე და აკაკი მინაშვილი, რომლებიც სააკაშვილის პოზიციების გამტარებლებად მიიჩნევიან, უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება სურთ და მხარს არ უჭერენ ახალი თავმჯდომარის არჩევას.
„მცდარ გადაწყვეტილებებს“ შორის სააკაშვილი დიდი ალბათობით გულისხმობდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს უმრავლესობით 11 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალ პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის შესახებ, რის წინააღმდეგაც მოუწოდებდა ექსპრეზიდენტი და პარტიის პოლიტსაბჭოში უმცირესობაში აღმოჩენილი მისი ზოგიერთი მოკავშირე.
ბევრი მხარდამჭერის აზრით, რომ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, ნაციონალურ მოძრაობას ხმათა ის 27.11%-იც არ ექნებოდა, რომლითაც ის პარლამენტში 27 პროპორციული მანდატით შედის, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის პირისპირ. სააკაშვილის როლს ასევე არ უარყოფენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელობის განახლებას ლობირებენ.
პარლამენტის ბოიკოტის თემა ის პირველი საკითხი იყო, რომელმაც არჩევნების წაგების შემდეგ პარტიაში არსებული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანა. განსაკუთრებული სიმწვავით ეს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მწვავედ დაუპირისპირდნენ პარტიის იმ წევრებს, რომელთაც ბოიკოტზე უარი თქვეს და ისინი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში და პარტიიდან სააკაშვილის ჩამოშორების მცდელობაში დაადანაშაულეს.
4 ნოემბერს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა, ასევე მიიღო განცხადება, სადაც დაგმო ივანიშვილთან გარიგების თაობაზე „შეთქმულების თეორიები“ და აქტივისტების ნაწილის „ყოვლად ბინძური კამპანია“ პარტიის ლიდერების მიმართ.
„ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის პრესსამსახურმაც მოგვიანებით civil.ge-სთან დააზუსტა, რომ ეს განცხადება პარტიიდან წევრების გარიცხვას ნიშნავს, თუმცა ამ კუთხით ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
პარტიამ 7 ნოემბერს ასევე გაასაჯაროვა ამ გადაწყვეტილების კენჭისყრის შედეგები. 60–წევრიანი პოლიტსაბჭოს სხდომაზე დამსწრე 47 წევრიდან 31–მა, ძირითადად, პარტიის წამყვანმა წევრებმა განცხადებას დაუჭირეს მხარი; 5–მა თავი შეიკავა (ლევან ვარშალომიძე, დავით კირკიტაძე, ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია, ირაკლი ქავთარაძე), 11 კი წინააღმდეგ წავიდა: ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, ომარ მეგრელიძე, კობა ხაბაზი, მარიამ საჯაია – ყველა ეს წევრი პარლამენტს მიღმა რჩება.