Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი: ‘მოწოდებული ვართ განვაგრძოთ თანამშრომლობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან’

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომელმაც დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ“,  – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ-სთან ურთიერთობები ორი ქვეყნის ინტერესებზეა დაფუძნებული და  „ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის“.

„მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის Twitter-ზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მისალოცში დაწერა: „აშშ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობების გაძლიერებას ჩვენს ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან“.

საქართველოს ოფიციალური პირებიდან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი იყო, ვინც თავის მომავალ ამერიკელ კოლეგას გამარჯვება მიულოცა.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე მიულოცა აშშ-ის მოსახლეობას 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა. 

"საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება და საქართველო დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში", – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)