Site icon Civil.ge

კრწანისში ნატო-საქართველოს ათდღიანი ერთობლივი წვრთნები იწყება

10-20 ნოემბერს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ტერიტორიაზე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში ქართველ ოფიცრებთან ერთად ნატოს 11 წევრი – თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ – და 2 პარტნიორი ქვეყნის – უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია – სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

ეს წვრთნები ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველომ ალიანსისგან 2014 წლის უელსის სამიტზე მიიღო.

"მივესალმები ნატო–საქართველოს წვრთნები 2016-ის დაწყებას, რომელიც  ნატოსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი, ღრმა თანამშრომლობის, ასევე ძლიერი თავდაცვის, ნატოს ოპერაციების და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ საქართველოს ერთგულების აღიარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს", – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ. 

"ნატოსთვის, ეს არის ალიანსის მზადყოფნა, რათა დაეხმაროს პროექტის სტაბილურობას, გააზიაროს ცოდნა და გამოცდილება და ერთობლივად გაწვრთნას ჩვენი ძალები", – აღნიშნა მან თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)