მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩეული 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ქართული ოცნების 116-წევრიანი უმრავლესობა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 26-წევრიანი უმცირესობა ჩამოყალიბდა.
საპარლამენტო უმრავლესობას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჩაუდგა სათავეში.
უმრავლესობის ფარგლებში ამ ეტაპზე ორი ფრაქცია ჩამოყალიბდა – 110 წევრიანი "ქართული ოცნება", რომელსაც დეპუტატი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს; და 6- წევრიანი "ქართული ოცნება-მრეწველები", რომელსაც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, მრეწველი სიმონ ნოზაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც უმრავლესობას შეუერთდა.
ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ლიდერი, წინა პარლამენტის მსგავსად, კვლავ დავით ბაქრაძეა, რომელიც 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. უმცირესობაში ამ ეტაპზე არა 27, არამედ 26 წევრია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე.
უმცირესობის ფარგლებში ასევე ორი ფრაქცია დარეგისტრირდა – 20-წევრიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს და 6-წევრიანი "ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისათვის", რომელშიც დეპუტატ ელენე ხოშტარიას თავმჯდომარეობით შემდეგი დეპუტატები შედიან: სერგი კაპანაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი.
უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ერთდერთი ფრაქცია სახელწოდებით „საქართველოს პატრიოტები“ პატრიოტთა ალიანსმა შექმნა მისი 6 დეპუტატის შემადგენლობით, რომელსაც პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომია ჩაუდგა სათავეში.