ახალმა პარლამენტმა 18 ნოემბერს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში არსებული 15 კომიტეტის თავმჯდომარეებად ქართული ოცნების დეპუტატები აირჩია, რომელთა უმრავლესობაც, კერძოდ კი 11 თავმჯდომარე მმართველი პარტიის ახალი წევრია.
კომიტეტების ხელმძღვანელებად აირჩიეს:
- იურიდიული კომიტეტი – ეკა ბესელია, რომელიც წინა პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა;
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ინარჩუნებს ამ თანამდებობას;
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – სოფო ქაცარავა, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი;
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – სოფო კილაძე, პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი;
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – აკაკი ზოიძე, 2003 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ჯანდაცვის მიმართულებით;
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე, საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში ამავე კომიტეტს ხელმძღვანელობდა;
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – რომან კაკულია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც შემდეგ სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობდა;
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის სექტემბრამდე;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – კახა კუჭავა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე სამთო-მოპოვებით სექტორში საქმიანობდა;
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – გიორგი ლილუაშვილი, 2016 წელს ის თბილისის ვიცე–მერი, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – გიორგი კახიანი, რომელიც ინარჩუნებს ამ თანამდებობას;
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც წინა პარლამენტში ქართული ოცნების კოალიციურ უმრავლესობას ხელმძღვანელობდა და ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი.
საკანონმდებლო ორგანომ ასევე განსაზღვრა კომიტეტებში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობის კვოტები. კერძოდ, 17 წევრიან კომიტეტებში ქართული ოცნების უმრავლესობა 11 წევრით, ნაციონალური მოძრაობის უმცირესობა 4-ით, ხოლო პატრიოტთა ალიანსი 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი; 15-წევრიან კომიტეტებში კი ქართულ ოცნებას 10, ნაციონალურ მოძრაობას 3 და პატრიოტთა ალიანსს 1 დეპუტატი ეყოლება. თავმჯდომარის მოადგილეებს კომიტეტის წევრები აირჩევენ.