Site icon Civil.ge

კვირიკაშვილმა მომავალი კაბინეტის წევრები წარადგინა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და მომავალი მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა – ახალ მთავრობაში არსებული 18 ადგილიდან 13 მინისტრი პოსტებს შეინარჩუნებს, 5 კი შეიცვლება.

ახალი მინისტრები გახდებიან:

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფინანსთა უცვლელ მინისტრს ნოდარ ხადურს ახალ მთავრობაში ეკონომიკის  მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. ის მომავალ კაბინეტში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს. 

ქუმსიშვილის ადგილს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა, არჩეული დეპუტატი და ყოფილი ბიზნესობუდსმენი გიორგი გახარია დაიკავებს.
 
კიდევ ერთი არჩეული დეპუტატი, რომელიც მთავრობაში ბრუნდება, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძეა, რომელიც ახალ კაბინეტში კვლავ ენერგეტიკის სამინისტროს ჩაიბარებს. მან ეს პოსტი არჩევნებში მონაწილეობის გამო მის მოადგილეს ილია ელოშვილს გადააბარა, რომელიც ენერგეტიკის უწყებას დაახლოებით 2.5 თვე უძღვებოდა.

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი დეპუტატი ვიქტორ დოლიძე გახდება შეცვლის რა ამ პოსტზე დავით ბაქრაძეს, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩად არის დანიშნული.

დოლიძეს, რომელმაც „თავისუფალი დემოკრატები“ 8 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ამ პარტიაში დაახლოებით 7-წლიანი საქმიანობის შემდეგ სხვა თანაგუნდელებთან ერთად დატოვა, დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს. პოლიტიკაში მოსვლამდე ის 2005-2009 წლებში საქართველოს ელჩი იყო ეუთოში, მანამდე ევროსტრუქტურებსა და ნატოში საქართველოს წარმომადგენლობებში მრჩევლად მუშაობდა. წინა მოწვევის პარლამენტში ის 2015 წლის თებერვლამდე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 

"მას დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს… ის ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეებზე მუშაობა, თუ ამ სტატუსის გარეშე. ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას", – განაცხადა კვირიკაშვილმა წარდგენის დროს.

კიდევ ერთი ცვლილება ახალ კაბინეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს შეეხო, რომელსაც ამ პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე ცვლის. ალავიძე 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივნისის ბოლომდე ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოადგილე იყო.

მომავალ მთავრობაში ერთადერთი სტრუქტურული ცვლილება განხორციელდება და პრემიერის გადაწყვეტილებით აღარ იარსებებს დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება დეპარტამენტის სტატუსით, თუმცა მას აღარ უხელმძღვანელებს ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

„მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც ყოფილი მინისტრების მომავალი თანამდებობები ჯერ არ დაუსახელებია.

„სხვა მხრივ ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი რჩება და ჩვენ კვლავ ერთიანი, გუნდური პრინციპით გავაგრძელებთ საქმიანობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის“, –  აღნიშნა მან.

თავიანთ თანამდებობებს შემდეგი მინისტრები ინარჩუნებენ:

პარლამენტი ახალ მთავრობას და მის პროგრამას ნდობას შაბათს, 26 ნოემბერს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე  გამოუცხადებს, მანამდე კი კანდიდატებს ხუთშაბათს საპარლამენტო კომიტეტები, ხოლო პარასკევს პოლიტიკური ჯგუფები უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატებში მოუსმენენ. 

დამტკიცების შემდეგ პარლამენტი ასევე შეუწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო, მეორე ნომერს კახა კალაძესა და რიგით მეხუთეს სიაში გიორგი გახარიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)