Site icon Civil.ge

აშშ ‘ძლიერად ეწინააღმდეგება’ რუსულ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე ‘ე.წ შეთანხმებას’

აშშ  "ძლიერად ეწინააღმდეგება" რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან მიღწეული იმ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. „ხელშეკრულების“ კანონიერებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს 22 ნოემბერს მოაწერა ხელი მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სახელმწიფო სათათბირომ, 16 ნოემბერს კი ფედერაციის საბჭომ  მისი რატიფიცირება მოახდინა.

თბილისმა დაგმო ეს პროცესი, როგორც „ფაქტობრივი ანექსიის მორიგი უკანონო ეპიზოდი“, რომელიც „მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას“.

რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ეს ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში გააფორმეს  „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ იმ ჩარჩო შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, რომელიც მათ შორის 2014 წლის ნოემბერში დაიდო. სოხუმმა მისი რატიფიცირება ხელმოწერიდან ერთ თვეში, 2015 წლის დეკემბერში მოახდინა.

შეთანხმება ძალაში სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის მომენტიდან შევა და 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს, 5 წლიანი ვადით მისი ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით. 

შეთანხმების მიხედვით, ერთიანი სარდლობის ქვეშ დაგეგემილი გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება გამიზნულია ხელმომწერ მხარეთა ტერიტორიებზე აგრესიასა და ასევე სხვა სამხედრო საფრთხეებზე რეაგირებისათვის. 

გაერთიანებული დაჯგუფების შემადგელობაში რუსული მხრიდან აფხაზეთში განთავსებული რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა, ხოლო აფხაზური მხრიდან – ორი ცალკეული მოტომსროლელთა ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, ასევე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი შევლენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რჩება მკაფიო: ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილები არიან და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მის მიერ აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე,  გააუქმოს მისი გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ დაშვება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)