საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ფედერაციის „უკანონო“ და „პროვოკაციული“ ქმედება აფხაზეთში გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის მიზნით, რაც „წარმოადგენს აგრესიის გამოხატულებას საქართველოს წინააღმდეგ“.
გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ სეპარატისტულ აფხაზეთთან 2015 წლის ნოემბერში გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 22 ნოემბერს კანონის ხელმოწერა საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებით გააპროტესტა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამ თემაზე გაკეთებული მესამე ოფიციალური კომენტარია.
„რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს „უკანონო ქმედება“ მიმართულია „სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის წინააღმდეგ და წარმოადგენს აგრესიის გამოხატულებას საქართველოს წინააღმდეგ“.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და ქმედითი ზომები მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან ასაცილებლად“.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში უკვე დაგმო შეთანხმება, როგორც არალეგიტიმური და რუსეთს ნაკისრი ვალდებლებების შესრულებისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)