საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს მცდელობებს, რათა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი მესაზღვრე წითელი ცირკულარით ინტერპოლის მიერ ძებნილებს შორის მოხვდეს, განაცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა 24 ნოემბერს.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით კლავენ. აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მან ბრალი წაუყენა მკვლელობაში ეჭვმიტანილ თავის მესაზღვრეს რაშიდ კანჯიოღლის, რომელიც თავდაპირველად არ დააკავეს, თუმცა ივნისში გავრცელებული ინფორმაციით, შინაპატიმრობა შეუფარდეს. ეჭვმიტანილს ბრალი ასევე წაუყენა საქართველოს პროკურატურამაც.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ინტერპოლთან მიმდინარეობს მუშაობა მკვლელობაში ეჭვმიტანილის მიმართ ძებნის გამოსაცხადებლად. „ვნახოთ, შედეგებს დაველოდოთ“, – დასძინა მან.
„პროცესი დაძრულია და ამ შემთხვევაში, ჩვენ ინტერპოლის გაცილებით მეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„ეს ტრაგედია არის ქართული სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დამნაშავე იქნას დასჯილი – ეს არის როგორც კონკრეტულად ამ შემთხვევაზე პასუხისმგელობის საკითხი, ასევე მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის აუცილებელი“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის თქმითაც, ეს საკითხი მუდმივად დგას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის რეგულარულ შეხვედრებზე.
ეს განცხადებები მათ 24 ნოემბერს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გააკეთეს მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიგა ბოკერიამ ჰკითხა, თუ რა ზომებს მიმართავდნენ ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით და შს მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ თავის გამოსვლაში „არცერთი არც ერთი სიტყვით არ უხსენებია, როგორც გამოწვევა, არც კრიმინალის ზრდა, არც ტერორიზმი, არც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, არც ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და ოთხოზორიას საზარელი მკვლელობა“.
„საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის. ზეპირად საუბარი, ბოდიში, მაგრამ ჭორაობას გავს“, – უპასუხა მღებრიშვილმა კრიტიკას.