პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც პარლამენტში 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში 25 ნოემბერს კაბინეტის მომავალ წევრებს მოუსმინა და განაცხადა, ფრაქცია ბევრი მათგანისადმი სიმპათიის მიუხედავად, ზოგიერთი კანდიდატის მიუღებლობის გამო, მხარს არ დაუჭერს ახალ მთავრობას, რომლისთვისაც ნდობის გამოცხადებაზე კენჭისყრა შაბათს იგეგმება.
ვიცე-სპიკერმა პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა, რომელსაც ფრაქციის სხდომა მიყავდა, მწვავედ გააკრიტიკა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე და ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებს. ეს უკანასკნელი ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ „შავი პიარის“ უკან დგას ზოგიერთი მედია საშუალების გამოყენებით.
მან განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსი კულტურის მინისტრს მხარს იმის გამო არ უჭერს, რომ მან საყრდრისის „განადგურება დაუშვა“, როცა ხელი მოაწერა ამ ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნას და 2014 წლის დეკემბერში იქ ოქროს მოპოვებით სამუშაოების დაწყებას მწვანე შუქი აუნთო.
„თქვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ“, – მიმართა ინაშვილმა მიხეილ გიორგაძეს, „მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ აგებთ პასუხს საყრდისის დანგრევის გამო და როცა ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ სწორად მოიქეცით თუ არა“.
ყოფილი რესპუბლიკელის, გიგლა აგულაშვილის მიმართ მისი ძირითადი პრეტენზიები იმაში მდგომარეობდა, რომ, მისი თქმით, ის 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოს შუალედური არჩევნების „გაყალბების თანამონაწილე“ იყო, როცა ინაშვილის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული მაშინ მისი კონკურენტი კანდიდატის რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ.
„გპირდებით, რომ პასუხს აგებთ“, – მიმართა ინაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს.
ინაშვილმა ასევე „ტყუილში“ დაადანაშაულა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე, რომელმაც, მისი თქმით, უარყო, რომ ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო.
ზურაბ ალავიძემ, რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივნისის ბოლომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, 2012 წლის ივლისში მაშინდელ სახელისუფლებო პარტიას ნაციონალურ მოძრაობას 35 ათასი ლარი შესწირა.
კრიტიკის არცერთ ადრესატს ბრალდებებისთვის პერსონალური პასუხები არ გაუცია, თუმცა მათ ნაცვლად რეაგირება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მოახდინა, რომელმაც სხდომის დასაწყისში მთავრობის პროგრამის წარდგენისას, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს პარლამენტში არჩევა მიულოცა.
„არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა ისხდეთ, ჩემი აზრით, არ შეესაბამება ამ ფორმატს. ამისთვის, თუ თქვენ გაქვთ დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას გავცეთ პასუხი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„გთხოვთ, რომ მაინცდამაინც ნუ დაიცავთ იმ მინისტრებს, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი“, – უპასუხა ინაშვილმა.
მან მომავალი კაბინეტის მინისტრებს შორის განსაკუთრებით სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელი კახა კახიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეაქო.
ამ უკანასკნელის მისამართის ინაშვილმა პირადობის ელექტრონული მოწმობების თემა წამოწია და მოუწოდა, რომ არჩევანის თავისუფლება მისცეს და ალტერნატიული მოწმობა შესთავაზოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურთ რელიგიური მოსაზრებების გამო „ID ბარათების აღება“.
„ის, რომ თქვენ დღეს ბრძანდებით პარლამენტში და ეს ჩვენ გვიხარია“, წულუკიანის თქმით, ეს ელექტრონული პირადობის მოწმობის დამსახურებაცაა, რადგან ეს საბუთი, რომელსაც ამჟამად უკვე 2.3 მლნ მოქალაქე ფლობს, მიბმულია საარჩევნო სიებთან.
იმ თემებს შორის, რომლებიც შეხვედრაზე წამოიწია, ასევე იყო მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ გააძლიეროს ბრძოლა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ, რასაც მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა უპასუხა, რომ მზადაა „აქტიურად ვითანამშრომლოთ და კანონმდებლობაც დავხვეწოთ“.
ინაშვილის თქმით, მაშინ როცა „სრული განუკითხაობაა ინტერნეტ სივრცეში“, პატრიოტთა ალიანსი გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით, რათა „კიბერდანაშაულიც იყო გათანაბრებული სისხლის სამართლის დანაშაულთან“ – კიბერდანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე თავი ეთმობა.
„როცა მე მემუქრებიან, ესეც არის სისხლის სამართლის დანაშაული და მნიშვნელობა არ აქვს მე ქუჩაში მემუქრებიან, თუ ინტერნეტ სივრცეში“, – განაცხადა ინაშვილმა, „სამწუხაროდ ადამიანის უფლებების დაცვა საზოგადოების ნაწილს ესმის, როგორც სექსუალური უმცირესობების დაცვა – ეს ასე არ არის. როცა ადამიანების პირად ღირსებას ეხებიან, ესეც არის ადამიანების უფლებების შელახვა“.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა, რომელიც უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნისა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობის ბრალდებით არის გასამართლებული და საპროცესო შეთანხმებით 2015 წლის იანვარში გათავისუფლდა 12-წლიანი პატიმრობიდან, ოკუპირებული ტერიტორიებზე შესვლის წესების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდა, რათა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გზა გაეხსნათ "ქართული საქმე გააკეთონ აფხაზეთში".
„თქვენ გქონდათ მცდელობა ეს კანონი გაგეუქმებინათ, მაგრამ ნაციონალებმა ცოცხალი თავით არ დაგანებეს ეს“, – განაცხადა კვიციანმა.
მოწოდებებს კონფლიქტების მოგვარების კუთხით გააქტიურების თაობაზე, პრემიერმა კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ მთავრობას „არაერთი ძალიან საინტერესო ინიციატივა“ აქვს იმისათვის, რომ „აღვადგინოთ ნდობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის და გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისკენ“.
„ამ ურთიერთობის დათბობას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილება თუ დასჭირდება უფრო მეტი დაახლოება ადამიანებს შორის, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „რა თქმა უნდა, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით, დანარჩენი ყველაფერზე მზად ვართ და ჩვენ გავქვს არაერთი საინტერესო წინადადება“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ნაბიჯებს, რასაც დღეს დგამს რუსეთი ამ ტერიტორიებთან მიმართებაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „მაგრამ, სამწუხაროდ, გარდა ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯებისა და გარდა ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმისა, სხვა შეიარაღება ჩვენ არ გაგვაჩნია და არც უნდა ვიხმაროთ არასოდეს მომავალში“.
„უნდა გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები“, – განაგრძო მან, „მე არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც ჩვენ აქამდე ვიმყოფებოდით – ეს არის ჩემი დღევანდელი გზავნილი“.