პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსთვის „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია“ და ასევე აღნიშნა, რომ იყო „გარკვეული უხერხულობები“, რასაც „არც ერთ მომენტში არ ქონია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე“.
„უკრაინა არის ჩვენი უახლოესი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა მან, „პრობლემები ამ მიმართულებებით იქმნებოდა, ამასაც არ ვმალავ და ამ პრობლემებს ქმნიდა ოდესის [ყოფილი] გუბერნატორი. მოგეხსენებათ მისი [მიხეილ სააკაშვილის] არაერთი ძალიან დესტრუქციული განცხადება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არც ერთ მომენტში არ ასახულა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინასთან მიმართებაში, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე“.
„მე ვიქნებოდი ახლა სირაქლემის პოზიციაში, რომ ამაზე არ მეთქვა, მაგრამ იმასაც ვამბობ, რომ ამ უხერხულობებს არც ერთ მომენტში არ ქონია გავლენა ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის, ყველა მომენტში უკრაინისადმი იყო ძალიან მკაფიო“, – აღნიშნა მან.
კვირიკაშვილმა ეს განცხადება მთავრობის დამტკიცების საპარლამენტო პროცესის ფარგლებში 25 ნოემბერს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის უმცირესობასთან შეხვედრაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც არაერთი შეკითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ არ განახორციელა ვიზიტი უკრაინაში.
კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერის რანგში 2015 წლის იანვარში მისი უკრაინაში სტუმრობა შეახსენა ოპონენტებს და ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის სტატუსით „უახლოეს მომავალში“ გეგმავს კიევში ვიზიტს.
დღევანდელ შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად მწვავედ გააკრიტიკეს კვირიკაშვილის მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების, ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ბიუროკრატიის გაზრდის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავის გამო.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კვირიკაშვილს „ნომინალური“ პრემიერ-მინისტრი უწოდა.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა კი დიპლომატების გვარების დასახელების გარეშე უთხრა, რომ თბილისში აკრედიტებული ელჩები „ჩვენთან კომუნიკაციაში“ ამბობენ, რომ „თქვენ ხართ სასიამოვნო მოსაუბრე, გაქვს კარგი მანერები, მაგრამ ვერაფერს ვერ წყვეტთ, რომ პოლიტიკურად თქვენი წონა უბრალოდ ნოლის ტოლია და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ისინი მიდიან ბიძინა ივანიშვილთან. მაინტერესებს ამისი არ გრცხვენიათ?“
„შენ არ გრცხვენია ასეთი ლაპარაკი ამ პარლამენტში? ეგ არის შენი ფანტაზიები“, -შეაწყვეტინა კვირიკაშვილმა და მოგვიანებით, უპასუხა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის იმ კამპანიის ნაწილია, რომ თითქოს ისინი არჩევნებში დამარცხდნენ არა კვირიკაშვილის, არამედ ივანიშვილის ქართულ ოცნებასთან.
„თქვენ არ გინდათ აღიაროთ, რომ წააგეთ არჩევნები იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე პირადად“, – მიმართა კვირიკაშვილმა ოპონენტებს, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართული ოცნების დაფუძნებლის, „უდიდეს დამსახურებას“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხრიდან არაერთხელ დასმულ შეკითხვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს კვირიკაშვილს პარლამენტში წარმოდგენილ მესამე ძალასთან, მათი თქმით, „ღიად პრორუსულ“ პატრიოტთა ალიანსთან, რომელსაც ასევე 25 ნოემბერს შეხვდა კვირიკაშვილი მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, პრემიერმა უპასუხა, რომ ქართული ოცნება მათთან „ვერ იქნება ვერანაირ სტრატეგიულ კავშირში“.
ამ კუთხით, მისი თქმით, პრეტენზიებს ვერ მიიღებს ნაციონალური მოძრაობისგან, „იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებულად არის პროდასავლური და ყველაფერი ის, რაც თქვენს ხელში შეიქმნა ამ ქვეყანაში – მედია თავისუფლების აბსოლუტურად დრამატული სურათი, ადამიანის უფლებების კუთხით კატასტროფული სურათი, ქონების მართვის მაჩვენებლები, რომლითაც აბსოლუტურად ფსკერზე იყო ქვეყანა… თქვენი მხრიდან პრეტენზიები ჩვენთან მიმართებაში, რომ ჩვენ თურმე სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში, არის ძალიან გასაკვირი“.
„თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და ჩვენგან და საქართველოს მოსახლეობიდან იმსახურებთ ძალიან დამსახურებულ კრიტიკას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრაზე, რომელიც წინა მსგავსი შეხვედრების მსგავსად, ამჯერადაც, უმეტესწილად, ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების რეჟიმში წარიმართა.