პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს რკინიგზისა“ და ასევე "ნავთობის და გაზის კორპორაციის" აქციების 25%-ის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების (Initial Public Offering, IPO) საკითხს განიხილავს.
„რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან შაბათს დაკონკრეტების გარეშე.
„თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილება მივიღებთ, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ და უნდა ითქვას, რომ შარშან ნამდვილად არ იყო ამისთვის საუკეთესო დრო“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
„ეს არის ძალიან საფრთხილო და სწორად გასაკეთებელი საკითხი“, – დასძინა მან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო რკინიგზისა და ასევე სახელმწიფოს კუთვნილი "ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის იმ მაგისტრალურ გაზსადენს მართავს, რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, აქციების საფონდო ბირჟებზე განიხილავს. ამ გეგმების განხორციელებას ნაციონალური მოძრაობის მთავრობა 2011 წლის შემოდგომასა და 2012 წლის გაზაფხულზეც გეგმავდა, თუმცა პროცესი გააჩერა კაპიტალის ბაზრებზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობის მოტივით. ამ გეგმების გამოცხადებასთან ერთად, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ამბობდა, რომ საკონტროლო პაკეტების გაყიდვას არ აპირებდა, მოხსნა საკანონმდებლო ბარიერი და მთავრობას უფლება მიანიჭა, რომ სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტები განათავსოს საერთაშორისო ბირჟებზე.
სახელმწიფო კომპანიების IPO-ს შესაძლებლობაზე კვირიკაშვილმა განცხადება 26 ნოემბერს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების განხილვის დროს პრივატიზაციის გეგმებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატის ილია წულაიას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„პრივატიზაციის კუთხით პოტენციალს ჩვენ აუცილებლად ავითვისებთ“, – განაცხადა ასევე მან და დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ „საუბარი გვაქვს მსხვილ ინვესტორებთან“ რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, ვაზიანის აეროპორტის სატვირთო ჰაბად გამოყენებასა და ქუთაისის აეროპორტში სატვირთო კომპონენტის დამატებაზე.