Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ პატარაძე წარადგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ზურაბ პატარაძე წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობაზე ივლისიდან მუშაობს.

პატარაძეს და მის მთავრობას ნდობა აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს, რომელმაც პირველი შეკრება 28 ნოემბერს გამართა.

„ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“, – განაცხადა პატარაძემ 29 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში.

წარდგენამდე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის თავის სასახლეში აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში მყოფ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის დეპუტატებს უმასპინძლა. მან კანდიდატურა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)