სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანხმად, რომლის განხილვაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას იგეგმება, 2017 წლის შემოსავლები 9.489 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 9.121 მლრდ ლარს შეადგენს.
პირველად პროექტთან შედარებით, მომავალი წლისთვის შემოსავლების პროგნოზი დაახლოებით 774 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯები დაახლოებით 334 მილიონით არის გაზრდილი.
2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 8.555 მლრდ ლარზე, ხარჯები კი 8.543 მლრდ ლარზეა გათვლილი.
ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი, რაც 8.82 მლრდ ლარს შეადგენს და 84 მლნ ლარით აღემატება 2016 წელს პროგნოზირებულ 7.98 მლრდ ლარს.
მთავრობა მომავალ წელს საშემოსავლო გადასახადიდან 2.57 მლრდ ლარის (2016 წელს 2.086 მლრდ ლარი); დამატებით ღირებულების გადასახადიდან – 3.779 მლრდ ლარის (2016 წელს 3.802 მლრდ ლარი); იმპორტის გადასახადიდან – 76 მლნ ლარის (2016 წელს 75 მლნ ლარი) და სხვა გადასახადებიდან 87 მლნ ლარის (2016 წელს 25 მლნ ლარი) მობილიზებას ელის.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდება და კომპანიები მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, მთავრობა მოგების გადასახადიდან 681 მლნ ლარის მიღებას ელის, ნაცვლად წელს პროგნოზირებული 980 მლნ ლარის.
მოსალოდნელი დანაკლისის ანაზღაურება საგადასახადო კოდექსში ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარდგენილი ცვლილებებით არის გათვალისწინებული, რომელიც სხვა მოსაკრებლების გაზრდასთან ერთად, 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე, მსუბუქ ავტომობილებზე, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს. შედეგად, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი, წელს არსებული 1.012 მლრდ ლარიდან მომავალ წელს 1.627 მლრდ ლარამდე იზრდება.
ამასთან ერთად, ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, გრანტების სახით მისაღები თანხების მოცულობა წლევანდელთან შედარებით დაახლოებით 29 მლნ ლარით იზრდება და 284.46 მლნ ლარს შეადგენს; „სხვა შემოსავლები“ კი წლევანდელთან შედარებით 65 მლნ ლარით იზრდება და 385 მლნ ლარი ხდება. პრივატიზაციიდან მთავრობა მომავალი წლისთვის 90 მლნ ლარის მიღებას ელის.
მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-ს შეადგენს – 2016 წელს მშპ-ის 3%-იანი ზრდის საბიუჯეტო პროგნოზის მიუხედავად, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, რეალური ზრდის მონაცემად წელს 2.7%-ია დაფიქსირებული, 2015 წელს არსებული 2.9%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, ბიუჯეტის პროექტში 2017 წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს, ხოლო აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.5-იან ნიშნულზეა გაანგარიშებული.
პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტის საბოლოო პროექტში, დაახლოებით, 273 მლნ ლარით არის გაზრდილი ეკონომიკის სამინისტროს; 172 მლნ ლარით – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; დაახლოებით 91 მლნ ლარით – განათლების სამინისტროს; 85.8 მლნ ლარით – ჯანდაცვის სამინისტროს; დაახლოებით 38 მლნ ლარით – სპორტის სამინისტროს; 19 მლნ ლარით – სოფლის მეურნეობის სამინისტროს; 11 მლნ ლარით – ენერგეტიკის სამინისტროს; 5-5 მლნ ლარით – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ხოლო 3 მლნ ლარით კულტურის სამინისტროს დაფინანსება.
იმ სამინისტროებს შორის, რომელთაც დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით შემცირებული აქვთ, არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელიც თავიდან დაგეგმილზე 7 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს, ასევე 3-3 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებენ ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები და 2 მლნ ლარით ნაკლებს – გარემოს დაცვის სამინისტრო.
2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, სამინისტროები შემდეგ დაფინანსებას მიიღებენ:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 3.415 მლრდ ლარი (2016 წელს – 3.162 მლრდ ლარი);
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1.258 მლრდ ლარი (2016 წელი – 950 მლნ ლარი);
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 1.116 მლრდ ლარი (2016 წელი – 971.3 მლნ ლარი);
- თავდაცვის სამინისტრო – 748 მლნ ლარი (2016 წელი – 670 მლნ ლარი; 2015 წელი – 679.7 მლნ ლარი; 2014 წელი – 667.4 მლნ ლარი; 2013 წელი – 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6 მლნ ლარი);
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585 მლნ ლარი (2016 წელი – 595 მლნ ლარი);
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 370.4 მლნ ლარი (2016 წელი – 95.1 მლნ ლარი);
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 257.9 მლნ ლარი (2016 წელი – 321.3 მლნ ლარი);
- ფინანსთა სამინისტრო – 82.3 მლნ ლარი (2016 წელი – 90 მლნ ლარი);
- ენერგეტიკის სამინისტრო – 132.3 მლნ ლარი (2016 წელი – 135 მლნ ლარი);
- იუსტიციის სამინისტრო – 62 მლნ ლარი (2016 წელი – 70.5 მლნ ლარი);
- სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 139.1 მლნ ლარი (2016 წელი – 153.8 მლნ ლარი);
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 110 მლნ ლარი (2016 წელი – 110 მლნ ლარი);
- კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 99.6 მლნ ლარი (2016 წელი – 97 მლნ ლარი);
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 136.8 მლნ ლარი (2016 წელი – 90 მლნ ლარი);
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 35.7 მლნ ლარი (2016 წელი – 42.1 მლნ ლარი);
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 84.79 მლნ ლარი (2016 წელი – 85 მლნ ლარი);
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.215 მლნ ლარი (2016 წელი – 1.35 მლნ ლარი);
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.845 მლნ ლარი (2016 წელი – 3.1 მლნ ლარი).
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, მომავალ წელს 118 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 18-მილიონიანი ზრდაა 2016 წელთან შედარებით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 16.5 მლნ ლარს მიიღებს, რაც 3.5 მლნ ლარით ნაკლებია 2016 წელთან შედარებით, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ 9.8 მლნ ლარით დაფინანსება მომავალ წელსაც, ისევე როგორც 5 მლნ ლარზე უცვლელი დარჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა. მომავალ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი წლევანდელთან შედარებით 10 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს და 40 მლნ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური კვლავაც 14.5 მლნ ლარს მიიღებს. სახალხო დამცველის აპარატს 300 ათასი ლარით გაეზრდება დაფინანსება და 4.8 მლნ ლარი გახდება მომავალ წელს. არსებული 44.1 მლნ ლარიდან მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება 46.4 მლნ ლარამდე გაეზრდება, ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად.
საქართველოს საპატრიარქო ტრადიციულად 25 მლნ ლარს მიიღებს მომავალ წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს, როცა ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება, 60.5 მლნ ლარით დაფინანსდება – მიმდინარე საარჩევნო წელს ცესკოს დაფინანსება 58.5 მლნ ლარია.
ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა არსებული 621.7 მლნ ლარიდან მომავალ საარჩევნო წელს 675 მლნ ლარამდე გაიზრდება, რაც 30 მლნ ლარით მეტია ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებულ დაფინანსებაზე.
ამასთან, ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში დამატებულია სრულიად ახალი მუხლი, რაც გულისხმობს 65 მლნ ლარის ოდენობის ერთჯერადი სუბსიდიის გამოყოფას მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში. ეს გეგმა, რომელიც 2017 წლის იანვრიდან დაიწყება და ორ თვეს გასტანს, გულისხმობს 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების ეროვნულ ვალუტაში ნებაყოფლობით კონვერტირებას 100 ათასი ლარის ფარგლებში ოფიციალურზე 20 პუნქტით ნაკლები გაცვლითი კურსით – კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლოა დაახლოებით 33 ათასამდე ფიზიკურ პირს დაუფინანსდეს.