Site icon Civil.ge

პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც კონსტიტუციის რეფორმის პროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს.

კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და მისი თქმით, მასში ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. კერძოდ, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის, მთავრობის ადმინისტრაციებიდან და სასამართლო ხელისუფლებიდან, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. 

კობახიძის განცხადებით, კონსულტაციების შედეგად არჩევანი ისეთივე ფორმატზე გაკეთდა, როგორც სამი წლის წინ, როცა წინა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. თუმცა იმ კომისიამ მუშაობა კონკრეტული შედეგის გარეშე დაასრულა.

„კომისიის მუშაობა საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს, რადგან ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი და ადექვატური შედეგის თვალსაზრისით“, – განაცხადა მან პრეზიდენტის იმ მოწოდებების საპასუხოდ, რომელიც კომისიის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ ფორმირებას უკავშირდებოდა.

„კომისია მუშაობას შეუდგება მიმდინარე წლის ბოლომდე და პროექტს შეიმუშავებს მომავალი წლის 30 აპრილამდე, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები“, – განაცხადა კობახიძემ და პროექტის შეფასებაში  ვენეციის კომისიის "აქტიურ მონაწილეობას" გაუსვა ხაზი.

მისი თქმით,  კონსტიტუცია, ძირითადად, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების მიმართულებით არის გადასახედი. 

მან ასევე განაცხადა, რომ ის პირად პასუხისმგებლობას იღებს, როგორც კომისიის მუშაობაზე, ისე მის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსზე.

„მე ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ თუ იქნება თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც იქნება ნეგატიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ასეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.     

„ჩვენი ამოცანა არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა მან.