Site icon Civil.ge

ქართული ოცნების დეპუტატები „არასწორს“ უწოდებენ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებას

მმართველი პარტიის ქართული ოცნების დეპუტატებმა „გაუგებარი“ და „არასწორი“ უწოდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაგეგმილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების თაობაზე.

„ძალიან სამწუხარო და ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა და მე პირადად, იმედს გამოვთქვამ, რომ გადახედავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას და შეცვლის“, – განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა, ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან ტელეკომპანია პირველს ორშაბათს.

მან ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ „პროცესი ყველა შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური, ვინც არ უნდა მიიღოს ჩართვის ან არ ჩართვის გადაწყვეტილება“. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მიერ შემოთავაზებული კომისიის იმ ფორმაში, რომელიც „ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას“.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე კვირას იგეგმება. მასში ყველა კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის პრეზიდენტის 2 წარმომადგენლისა და მისი სათათბირო ორგანოს  – უშიშროების საბჭოს მდივნის მონაწილეობაა გათვალისწინებული, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე ექსპერტებთან ერთად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცხადებული ბოიკოტის ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელეს, რომ კომისია შეიქმნება არა პრეზიდენტთან, არამედ პარლამენტის თაოსნობით და მისი თანათავმჯდომარე არ იქნება გიორგი მარგველაშვილი. 

დეპუტატ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კანონმდებლობა ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან მასაქვს საკონსტიტუციო კანონპროექტის ინიცირების უფლება და შემდგომ მისი მიღების პასუხისმგებლობა და არა პრეზიდენტს.

მან „კიდევ უფრო დამაბნეველი და უცნაური“ უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებას, რომ მართალია ის კომისიის მუშაობაში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებს, მაგრამ აქტიურად ჩაერთვება საერთო-სახალხო განხილვის პროცესში – ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ოფიციალური ინიცირება მოხდება.
 
„მოწმენდილ ცაზე ამხელა ალიაქოთის და ამხელა გაუგებრობის შექმნა ნამდვილად არ მესმის იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, არის სწორი პროცესი ამისთვის უზრუნველყოფილი და ყველას შეგვიძლია ამ პროცესში ჩავერთოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი არის რომ ხელი შევუშალოთ ნორმალური პროცესის გზით კონსტიტუციის შემუშავებას, კი ბატონო შეგვიძლია ხელი შევუშალოთ, მაგრამ რატომ?“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ამ პროცესს „სრულად“ უნდა დაუჭიროს მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დანარჩენი ყველანაირი გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა "სამწუხარო" უწოდა ამ საკითხზე მორიგი "კონფრონტაციის" წარმოშობას პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)