Site icon Civil.ge

ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.6599 შეადგინა, რაც თითქმის 4.5 პუნქტიანი გაუფასურებაა წინა დღეს არსებულ 2.6154-თან შედარებით.

ლარი ასევე დაეცა ევროსთან მიმართებაშიც და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა სამშაბათს გამართული ვაჭრობის შედეგად 2.8222 შეადგინა, რაც წინა დღესთან შედარებით 5 პუნქტზე ოდნავ მეტი გაუფასურებაა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.68-2.70 შორის მერყეობს, ხოლო ერთი ევროს შეძენა დაახლოებით 2.85 ლარად არის შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც აშშ დოლართან მიმართებაში ოფიციალური კურსი 25 ნოემბერს ისტორიულ მინიმუმამდე  – 2.5026-იან ნიშნულზე დაეცა, ეროვნული ვალუტა გაუფასურებას თითქმის ყოველდღიურად განაგრძობს.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება გარე ფაქტორებით ახსნა.  „ეს არის მოკლევადიანი თემა, ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, – განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას ლარის გაუფასურებაზე არანაირი გავლენა არ აქვს. 

ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 12 ოქტომბრის შემდეგ არ განუხორციელებია – მას შემდეგ ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების 13.8% დაკარგა, ხოლო 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო, დაახლოებით, 51%.

2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 23 ინტერვენციის შედეგად სულ 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.

ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2.779 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 2.760 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შარშან ნოემბერში, დაახლოებით, 2.479 მლრდ აშშ დოლარი იყო.