Site icon Civil.ge

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა

პარტია სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა და ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 14 დეკემბერს გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და კვლავ ხელოვნების სფეროს უბრუნდება. 

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას "გამორიცხავს" და ადგილს მის პარტიაში ახალ თაობას უთმობს. "ჩემი გასაკეთებელი უკვე გავაკეთე", – განუცხადა მან "რუსთავი 2"-ს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის დამარცხებიდან დაახლოებით ორ თვეში, ბურჭულაძე პარტიის ლიდერის პოსტზე 24 წლის ნიკა მაჭუტაძემ შეცვალა.

„ჩვენი მიზანია უპირველესად შიდა რეორგანიზაცია და ამის შემდეგ იმ ბრძოლის გაგრძელება, რასაც თავიდანვე ისახავდა ეს მოძრაობა,“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ ყრილობაზე თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ.

61 წლის პაატა ბურჭულაძე, რომელმაც თავისი პარტია ოფიციალურად არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე დააფუძნა მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში საქართველოს განვითარების ფონდის შექმნით პოლიტიკურ გააქტიურებაზე მიანიშნა, პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით გეგმავდა შესვლას და მესამე შესაძლო ძალად განიხილავდა თავს ორი მთავარი პოლიტიკური კონკურენტის – ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.

ბურჭულაძის ძალისხმევა, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრ გირჩთან, გიორგი ვაშაძის ახალ საქართველოსთან და ახალ მემარჯვენეებთან 18 აგვისტოს ბლოკის შექმნით პარტიის საარჩევნო შანსები გაეზარდა, წარუმატებელი გამოდგა. ბლოკი "გირჩთან" ერთად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ასევე დატოვეს ბურჭულაძის პარტიის წამყვანმა ფიგურებმაც.  

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკმა ხმების 3.45% მიიღო და პარლამენტს მიღმა დარჩა. თუმცა ეს ხმები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბურჭულაძის პარტიას ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება მოეპოვებინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომლის წლიური ოდენობაც 195 511 ლარს შეადგენს.