საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს 16 დეკემბერს შეხვდა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული „სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას“.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გარანტია. სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, კოლეგასთან გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან.