საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს 16 დეკემბერს ერევანში შეხვდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მან ასევე გამართა მოლაპარაკებები პოლიციის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანთან; მათ ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას და ასევე აღნიშნეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ხელმოწერილი ხელშეკრულების მნიშვნელობა, რაც, საქართველოს შსს-ს თანახმად, კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართველი და სომეხი პოლიციელების "მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას“.
პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქურებს შორის „მჭიდრო და ეფექტური ურთიერთქმედების, თანამედროვე გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების კუთხით“.
„აღნიშნა რა, რომ სომხეთი და საქართველო არა მხოლოდ მეგობრული სახელმწიფოები არიან, არამედ აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობრული ურთიერთობა, პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ მეგობრობის განმტკიცების მიზნით აუცილებელია მუდმივი მუშაობა“, – იტყობინება სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ბოლო წლებში ქართულ-სომხური პოლიტიკური დიალოგის „აქტიურ და დინამიურ“ განვითარებას გაუსვეს ხაზი სხვადასხვა დონეზე ვიზიტების გაცვლის გზით, რაც „კონსტრუქციულ და თბილ ატმოსფეროში საერთო ინტერესების მქონე საკითხების“ განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს შსს-ს ცნობით, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა და „იმედი გამოთქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება“.
საქართველო-სომხეთის საზღვრის დაახლოებით 224 კმ-იანი მონაკვეთის სულ ცოტა 71% უკვე შეთანხმებულია.