ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა და თოქ-შოუს წამყვანმა გიორგი გასვიანმა განაცხადა, რომ მას პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა და დაემუქრა, რომ ფაქტი არ გაემჟღავნებინა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში მოხდა, როცა მას გზაზე მანქანა მოუსრიალდა და შემხვედრი მანქანიდან გადმოსული სამი პირი, მათ შორის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთი პოლიციელი, როგორც თავად ყვება, თავს დაესხა, იარაღი მიაბჯინა და როცა გაიგო, რომ მისი თავდასხმის ობიექტი ჟურნალისტი იყო, ცემა განაგრძო და დაემუქრა, რომ ფაქტი არ გაემჟღავნებინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუკი ჟურნალისტის მონათხრობი დადასტურდება, „ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს და პასუხისგებაშიც მიეცემა“.
„თუკი ეს დადასტურდება ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული – ამის პირობას გაძლევთ მე“, – განუცხადა შს მინისტრმა 19 დეკემბერს ჟურნალისტებს და დასძინა, რომ არ აპირებს ხელი დააფაროს ისეთ ადამიანს, რომელიც „თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს“ და ამ დროს „ის არღვევს კანონს“.
საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაპირველად გამოძიება პოლიციამ დაიწყო ძალადობის მუხლით, თუმცა ჟურნალისტის ჩვენების საფუძველზე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა და საქმის კვალიფიკაციას დაემატა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
„ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.