Site icon Civil.ge

პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა ფისკალური წლის ბოლოს 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ 21 დეკემბერს დაამტკიცა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 80.4 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს. 

შედეგად, თავდაცვის სამინისტროს მანამდე არსებული 670 მლნ ლარიდან დაფინანსება 750.4 მლნ ლარამდე ეზრდება, რაც ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის პირდაპირი ჩარიცხვების ასახვით. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ  ბიუჯეტის წარდგენისას დეპუტატებს მხოლოდ ის განუცხადა, ეს გასული წლის დეკემბერში რატიფიცირებულ სასესხო ხელშეკრულებას უკავშირდება. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, ეს საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის დაფინანსების თაობაზე ფრანგულ ბანკ Société Générale–თან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებას ეხება, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტმა შარშან წლის ბოლოს მოახდინა. 

საბიუჯეტო ცვლილებებით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-დან 2.7%-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემზე ნაკლებია – შარშან  საქართველოს ეკონომიკა 2.9%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის მონაცემებით მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 8.555 მლრდ ლარიდან 8.546 მლრდ ლარამდე შემცირდა, ხოლო ხარჯები მანამდე არსებული 8.543 მლრდ ლარიდან 8.671 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

მაშინ როცა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 7.98 მილიარდი ლარის ნიშნულზე უცვლელი დარჩა, 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების თანახმად, 8.2 მლნ ლარით შემცირდა გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები 246.8 მლნ ლარამდე, მათ შორის იმის გამოც, რომ  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მისაღები სახსრების ნაწილმა 2017 წლისათვის გადაინაცვლა.

ასევე, ცვლილებების თანახმად, ცალკეულ უწყებებს უმცირდებათ დაფინანსება, რის ხარჯზეც მობილიზებული რესურსებით 40 მლნ ლარი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსებას ემატება და შედეგად, 610 მლნ ლარი ხდება იმ ვითარებაში, როცა ნოემბრის ჩათვლით ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 600 მლნ ლარია ათვისებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხების ხარჯზე. ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 3.162 მლრდ ლარიდან 3.202 მლრდ ლარამდე იზრდება 2016 წელს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 69.5 მლნ ლარით ეზრდება 204.5 მლნ ლარამდე, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს 300 ათასი ლარი ემატება და მისი დაფინანსება 2016 წელს 95.4 მლნ ლარი ხდება.
 
დაფინანსება შემდეგ სამინისტროებს უმცირდებათ:

ასევე დაფინანსება 2-2 მლნ ლარით შეუმცირდა პარლამენტს და მთავრობის ადმინისტრაციას და შესაბამისად, 50 მლნ ლარი და 18 მლნ ლარი გახდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.