Site icon Civil.ge

კალაძე „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებთან მორიგ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 23-24 დეკემბერს მინკსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებთან მორიგ შეხვედრებს გამართავს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია „ინტერ-რაოსთან“ სამუშაო  შეხვედრაზე, რომელიც 24 დეკემბერს, წინა ასეთივე შეხვედრიდან ათი დღის თავზე იგეგმება, მხარეები საქართველოში "ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ".

მანამდე კი 23 დეკემბერს კალაძე „გაზპრომ-ექსპორტთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს.

13 დეკემბერს „გაზპრომ–ექსპორტის“ წარმომადგენლებთან ვენაში გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ  „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც მოითხოვეს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მიერ გატარებული  ბუნებრივი აირის 10%-ის მიწოდების ნაცვლად, ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა, რაც ქართული მხარისთვის კვლავაც „მიუღებელია“. გასულ წელს საქართველომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეძლო მისთვის ხელსაყრელი პირობებით ხელშეკრულების შენარჩუნება.