საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა 27 დეკემბერს, რომ საქართველო მზადაა რუსეთს TU–154–ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნის საქმეში დაეხმაროს.
„ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა“, – განუცხადა აბაშიძემ „რია ნოვოსტის“.
„ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამის სამსახურებს მიუღიათ მონაწილეობა ყაზბეგის რაიონში მეწყერების დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში… ასე რომ, ასეთი გამოცდილება გვაქვს და როდესაც ამის საჭიროება არსებობს, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან“, – განაცხადა აბაშიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს საქართველოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა 25 დეკემბერს, სოჭის სანაპიროსთან, სეპარატისტული აფხაზეთის მახლობლად განიცადა.