საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების სურვილი 15-მა კანდიდატმა გამოთქვა იმ კონკურსის ფარგლებში, რომელიც სამეურვეო საბჭომ 28 ნოემბერს გამოაცხადა.
კანდიდატებს შორის, რომელთა განაცხადების მიღების ვადაც 28 დეკემბერს ამოიწურა, არიან: საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც ამჟამად გენდირექტორის მოვალეობას ასრულებს; ვასილ მაღლაფერიძე, ყოფილი დეპუტატი და 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, რომელიც ბოლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მუშაობდა; საზოგადოებრივი მაუწყებლის დიდი ხნის ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი; ნათია კუპრაშვილი, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე; ზაალ ანჯაფარიძე, ევროპის ფონდში პროგრამის უფროსი მენეჯერი; ნიკოლოზ მჭედლიშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე–პრეზიდენტი, სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტი 2010 წლამდე, ვიდრე მთავრობის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნებოდა; რეჟისორი რევაზ შალიბაშვილი; ბაჩუკი ბახტაძე, მუსიკოსი და მწერალი; რეჟისორი დავით ცინცაძე; გურამ ფალავანდიშვილი, „პალიტრანიუსზე“ თოქ-შოუს წამყვანი, რომელიც 2016 წლის არჩევნებში ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს; რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დამფუძნებელი; თამაზ ბიბილური, საზოგადოება 9 აპრილის თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის „სხივი “ ხელმძღვანელი, რომელიც 2013 წლის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატიც იყო; მანანა ღოღობერიძე, მთარგმნელი, სატელევიზიო პროექტის „ეტალონის“ პროდიუსერი; ჟურნალისტი მარგარიტა დოლიძე; და გიორგი ქავთარაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადასული კონკურსანტები 3 იანვარს დაგეგმილი ფარული კენჭისყრით გამოვლინდებიან, რის შემდეგაც მათთან საბჭო გასაუბრებებს 4-5 იანვარს გამართავს, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი, სავარაუდოდ, 6 იანვარს გამოვლინდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)