Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი და პოროშენკო სატელეფონო საუბარში ‘პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებაზე’ შეთანხმდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარი გამართეს და პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, იტყობინებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციები.

„მოსაუბრეებმა ორმხრივი ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ გაააქტიურონ პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს ურთიერთქმედების გაღრმავების მნიშვნელობა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, პეტრო პოროშენკომ „მაღალი შეფასება მისცა“ საქართველოს მიერ უკრაინის „თანმიმდევრულ და მრავალმხრივ მხარდაჭერას“ და ასევე აღნიშნა თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატებში ადამიანის უფლებების „ეფექტურად“ დასაცავად და „უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს „გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა“.  საქართველო ერთ-ერთი თანაავტორი იყო რეზოლუციისა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინისთვის ადამიანის უფლებათა სფეროში დახმარების შესახებ 2016 წლის 1 ივლისს მიიღო.

„პეტრო პოროშენკომ და გიორგი კვირიკაშვილმა ბევრ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა აღნიშნეს, კერძოდ კი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილების გაღრმავება“, – იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ამავე ცნობით, მხარეებმა მოილაპარაკეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე 2017 წლის გაზაფხულზე უკრაინა-საქართველოს მთავრობათაშორისი მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ "უახლოეს მომავალში" დიალოგის საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში გაგრძელებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პეტრო პოროშენკო „მისთვის ხელსაყრელ დროს“ საქართველოში მოიწვია, იტყობინება ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

მოწვევასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, პეტრო პოროშენკომ კი გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება მიულოცა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „წარმატებები უსურვა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)