Site icon Civil.ge

დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 1.8% შეადგინა, ნოემბერში არსებული 0.2%-იანი ინფლაციის შემდეგ.

წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში ფასები 1%–ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე ფასების 13.1%-იანმა მატებამ, რაც ძირითადად თამბაქოზე და ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია; ამასთან, ფასები დეკემბერში მკვეთრად გაიზარდა თამბაქოზე (23.2%) აქციზის იმ მოსალოდნელი ზრდის  ფონზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკვე იანვრიდან შევიდა ძალაში.

კავშირგაბმულობის ჯგუფზე ფასები 4.3%-ით; სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფზე 4.1%-ით; ტრანსპორტზე 2.1%-ით; ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე 2.1%-ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 1.6% შეადგინა, თუმცა „საქსტატის“ თანახმად, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე – შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16.3%).

დეკემბერში ფასები 5.7%-ით შემცირდა  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე, ხოლო 2.5%-ით დაიკლო ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე.

2017 წელს ინფლაციის 4%-იანი ნიშნულია პროგნოზირებული.