Site icon Civil.ge

ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.7674-მდე დაეცა 6 იანვრის ვაჭრობის შედეგად მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ეროვნული ვალუტის კურსი 2.6478-მდე გამყარდა.

ერთი დღით ადრე ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.7303 იყო.

ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში და რეკორდული მაჩვენებელი 2.9334 შეადგინა.

ლარი შედარებით სტაბილური იყო ერთი თვის მანძილზე ოქტომბრამდე და აშშ დოლართან მიმართებაში 2.29-2.32-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც 30%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა დაცემა დაიწყო. თუმცა, ოქტომბრის შუა პერიოდის შემდეგ ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება და 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა.

ლარი ოდნავ გამყარდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 20 დეკემბერს ლარის მხარდასაჭერად სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

ეს 2016 წელს უკვე 24-ე ინტერვენცია იყო ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელმაც წლის დასაწყისიდან სულ 280 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.

დეკემბრის წინასწარი მონაცემებით,  საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2.757 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა; ნოემბერში ეს მაჩვენებელი 2.779 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შარშან დეკემბერში, დაახლოებით, 2.52 მლრდ აშშ დოლარი იყო.