Site icon Civil.ge

კალაძე: „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტის პირობებზე შეთანხმება მიღწეული არ არის

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელიც კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს უკვე ორჯერ შეხვდა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ვინაიდან რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კალაძის მორიგი სამუშაო შეხვედრა „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან 10 იანვარს კვლავაც მინსკში გაიმართება.

წინა შეხვედრის შესახებ საუბრისას კალაძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს „ძალიან მარტივი“ პოზიცია აქვს, რომ „ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლის შემთხვევაშიც, ქვეყანამ უნდა მიიღოს იგივე სარგებელი, რაც ნედლეულის სახით მიღებული ბუნებრივი აირის“ პირობებში აქვს.

9 იანვარს იმავე საკითხზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის სურვილია "ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური შესაძლებელი დაცვით". 

„ჩვენი ძირითადი ამოსავალი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული. ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ობიექტურად დადგენილი ფასი და შესაბამისად ამან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა გახარიამ.

„გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებთან 23 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა, წინა ანალოგიური შეხვედრის მსგავსად, რომელიც კალაძემ ვენაში 13 დეკემბერს გამართა. 

შეხვედრები გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებაზე „გაზპრომ-ექსპორტთან“  ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში იმართება.  „გაზპრომის“ წარმომადგენლები რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მიერ გატარებული  ბუნებრივი აირის 10%-ის მიწოდების ნაცვლად, ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას ითხოვენ, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.

გასულ წელს საქართველომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეძლო მისთვის ხელსაყრელი პირობებით ხელშეკრულების შენარჩუნება.