Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის ხელმძღვანელობას შეხვდა



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა 2017 წლის 10 იანვარს. ფოტო: თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 10 იანვარს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს და თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა და ასევე თურქი დიპლომატების ყოველწლიურ ამბასადორიალზე გამოვიდა სიტყვით.

პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრაზე ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ თურქეთის აქტიური მხარდაჭერისთვის, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

„შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების არსებობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე და მათი რეალიზაციის პროცესში მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მანამდე 10 იანვარს მიხეილ ჯანელიძე პრემიერ–მინისტრ ბინალი ილდირიმს შეხვდა, სადაც განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების „გაფართოების სპეციფიკა“ და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „პირველი ეტაპის დასრულების სავარაუდო ვადები“. უკანასკნელად ამ სარკინიგზო ხაზის ამოქმედების ახალ ვადად 2017 წელი დასახელდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძემ და ილდიმირმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სამმხრივი ფორმატი „ცდება რეგიონულ თანამშრომლობას და იძენს უფრო ფართო, საერთაშორისო მნიშვნელობას“. 

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა „გაგრძელდეს მუშაობა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რომლის მორიგ შეხვედრას საქართველო მიმდინარე წელს უმასპინძლებს“. საბჭოს ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრები თავმჯდომარეობენ და ის წელიწადში ერთხელ იკრიბება მთელი რიგი ორმხრივი საკითხების განსახილველად.

მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე ჯანელიძემ და მისმა თურქმა კოლეგამ ხაზი გაუსვეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების „წარმატებულ დინამიკას“.

„შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დროულად ამოქმედების აუცილებლობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.      

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას, „თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ერთად ვავითარებთ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ენერგო პროექტები, ელექტროენერგიის ტრანზიტი და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მეზობლებისთვის და რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის“. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოვიდა სიტყვით თურქი დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც მან თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, ერთობლივ ეკონომიკურ და ენერგო პროექტებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დიპლომატებთან საუბრისას ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს ქმნიან აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნისთვის, რომელიც ევროპის და აზიის ეკონომიკებს აკავშირებს, იტყობინება საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)