საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულების შეცვლილი პირობებით გაფორმების თაობაზე "ოპტიმალური" გადაწყვეტილება მიიღო, რაც გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს სომხეთში რუსული გაზის ნაწილობრივ კვლავ ნედლეულით ანაზღაურების ფორმის შენარჩუნებას, რაც შემდეგ ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
ის 10 იანვარს მინსკში „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ელენა ბურმისტროვას შეხვდა – ეს ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში უკვე მესამე შეხვედრა იყო 13 და 23 დეკემბერს გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელთა დროსაც რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა.
არსებული ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა. წლების განმავლობაში მოქმედი ამ სისტემის შეცვლას „გაზპრომი“ ფულადი ანაზღაურებით ითხოვდა – შარშან ამგვარი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და საქართველომ ტრანზიტის პირობების შენარჩუნება შეძლო.
„გაზპრომ ექსპორტის“ მიერ 11 იანვარს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ საქართველოს სატრანზიტო ხელშეკრულების „ურთიერთსასარგებლო პირობებით“ გაგრძელება შესთავაზა.
„ქართულ მხარეს „გაზპრომ ექსპორტმა“ წინადადებათა პაკეტი შესთავაზა ოპტიმალური და ურთიერთსასარგებლო პირობებით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართულ მხარეს უზრუნველყოფილი იყოს გაზის ტრანსპორტირების მომსახურებიდან გარანტირებული შემოსავლით და გაზარდოს საქართველოს გაზმომარაგების საიმედოობა“, – განაცხადა ელენა ბურმინსტროვამ კომპანიის პრესრელიზის თანახმად.
„მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ 11 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ.
„ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგო მატარებლებზე არ იზრდება“, – განმარტა მან, „იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას“.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილი ხელშეკრულება „მოკლევადიანია“ და ის 2 წლის ვადით გაფორმდება.
„თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორების ანაზღაურება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
„რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის“, – განაგრძო კალაძემ, რომელმაც ამ საფასურის დაკონკრეტებას თავი აარიდა.
„ასევე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად“, – განაცხადა მან.
კერძოდ, მისი თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდის ფონზე, თუ საქართველოს დამატებითი მოცულობების მიღების აუცილებლობა ექნება, ის 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში "215 დოლარის ნაცვლად", 185 აშშ დოლარს გადაიხდის.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ ტრანზიტის საფასურად რუსეთიდან 265 მლნ კუბური მეტრი გაზი მიიღო და 30 მლნ კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც გაზმომარაგების საერთო მოცულობის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. გაზმომარაგების უმთავრესი წყარო საქართველოსთვის 2015 წელს კვლავაც აზერბაიჯანი იყო, საიდანაც წლის განმავლობაში საქართველომ 1.359 მლრდ კუბური მეტრი გაზი შეიძინა, ხოლო სამხრეთკავკასიური მილსადენის საშუალებით, კუთვნილ 220 მლნ კუბურ მეტრ გაზთან ერთად დამატებით ასევე მიიღო 501 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
კალაძემ განაცხადა, რომ „გაზპრომის“ წინადადებებზე დათანხმებას „პოზიციის დათმობას“ ვერ დაარქმევს, რადგან „ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები „არ იყო ადვილი“ და ის, რომ უშედეგოდ დამთავრებულიყო, საქართველოს „გაზპრომთან“ უკვე ვადაგასული ხელშეკრულების პირობებში გაზის „არაკონიერად წამოღება ანუ მოპარვა“ მოუწევდა, რასაც „მოყვებოდა სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა საქართველოსთვის“.
ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის იგეგმება ახალი პირობებით რუსულ ენერგოგიგანტთან ხელშეკრულების გაფორმება.
დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მთავრობის მიერ ახალი სატრანზიტო პირობების მიღებას „კაპიტულანტური ქმედება“ და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის „ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება“ უწოდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)