Site icon Civil.ge

ჯანელიძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 11 იანვარს თეირანში თავის ირანელ კოლეგას მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, ჯანელიძის ირანში ვიზიტის მიზანს 1989-1997 წლებში ირანის პრეზიდენტის აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა.

საქართველოს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, „თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები“ განიხილეს და მზადყოფნა გამოხატეს „ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“.

„ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)