აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია, როცა მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ტექნიკური დაშვება" განახორციელა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება 12 იანვარს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქართველმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის „იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში“.
„თავის მხრივ ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ ქერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ჯონ კერი, რომელიც სულ ცოტა ხანში დატოვებს თანამდებობას აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის გამო, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბოლოს ივლისში სტუმრობდა.
13-18 იანვარს ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო ტურნეს ახორციელებს ვიეტნამში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაში, მისი ადმინისტრაციის თანახმად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)