ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 12 იანვარს მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება, რომელიც უკვე დაამტკიცა ევროპარლამენტმა და ასევე საჭიროებს ფორმალურ დამტკიცებას ევროკავშირის საბჭოს მიერ.
ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფია, საქართველოზე გამართული კენჭისყრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ვიზალიბერალიზაციის პროცესმა დაადასტურა, რომ ეფექტური ინსტრუმენტი იყო ქვეყანაში შორსგამიზნული კომპლექსური რეფორმების განსახორციელებლად, რამაც ის ევროპულ ღირებულებებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაუახლოვა“.
„უვიზო მიმოსვლისთვის დიდი უმრავლესობით ხმის მიცემა ძლიერი გზავნილია საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისა“, – დაწერა პარლამენტის მომხსენებელმა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა მარია გაბრიელმა თავის Twitter-ზე კენჭისყრის შემდეგ.
მან ასევე მოუწოდა საბჭოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს პროცესი, ევროპის სახალხო პარტიის განცხადების თანახმად.
„ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე საქართველო ბევრად გასცდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ იყო წაყენებული. დღეს დეპუტატების დიდმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეები ახლავე იმსახურებენ ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობას“, – აღნიშნა გაბრიელმა.
„გვინდა, რომ ევროკავშირი მეგობრების წრით იყოს გარშემორტყმული. საქართველო ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში სტრატეგიული პარტნიორია. ვიზა ლიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება ღუზას გავს, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური კურსის სტაბილიზება შეუძლია. ჩვენ არა მხოლოდ ვაახლოებთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ღირებულებებთან, არამედ ასევე ვრწმუნდებით, რომ ევროკავშირს უფრო უსაფრთხოს ვხდით. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში“, – დასძინა მომხსენებელმა.
ახლა შეთანხმება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დადგეს კენჭისყრაზე, რაც LIBE-ს კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თებერვალში გაიმართება.