სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალმა „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის წესის“ თაობაზე მოსკოვთან დაგეგმილ შეთანხმებაზე სამუშაოს საკუთარი წილი უკვე შეასრულა და ახლა რუსეთის მხრიდან ელის დასრულებულ პროექტს.
დაგეგმილი შეთანხმება „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ შესახებ იმ არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის მარტში მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების გარკვეული შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში შევა“.
თიბილოვმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონს „უნდა ჰქონდეს თავდაცვის საკუთარი სისტემა შეიარაღებული ძალების ფორმით“.
სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე გამოსვლისას, თიბილოვმა 12 იანვარს ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკურ ყოფნაში“ და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან, როგორც „მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან“, თანამშრომლობის „მაღალ დონეს“.
დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა იმავე შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებში „ბევრი სირთულე“ იყო.
„შედეგად, გამოინახა კომპრომისები და ხელშეკრულებას შიდასახელმწიფოებრივი თანხმობის პროცედურების შემდგომ მოეწერება ხელი“, – განაცხადა გასეევმა.
„ჩვენ მოვახერხეთ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შენარჩუნება, და ცვლილებებს საორგანიზაციო და საშტატო სტრუქტურებში მას შემდეგ განვახორციელებთ, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერება. ამრიგად, თავდაცვის სამინისტრო თავის სამხედრო შენაერთებს შეინარჩუნებს. ეს ჩვენი მტკიცე პოზიციაა“, – დასძინა გასეევმა.
„საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებებია ამ საკითხზე. ზოგიერთს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები უკვე მიღწეულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტის წყალობით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების მტკიცე გარანტია. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მთელი სარდლობის და სამხედროების შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება ერთობლივი კოორდინირებული ქმედებებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამისათვის კი რესპუბლიკას თავისი მცირერიცხოვანი, თუმცა მობილური და აღჭურვილი სამხედრო ძალები უნდა ყავდეს“, – ნათქვამია გასეევის სიტყვებზე დაყრდნობით დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასეევმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი შეთანხმების შედეგად რუსეთის ფედერაცია აღიარებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში, ხოლო სამხედრო წოდებების აღიარების მისაღწევად მუშაობა მიმდინარეობს.