საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 17-21 იანვარს ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტთან მარიანო რახოისთან გამართავს შეხვედრებს.
პრემიერი ასევე შეხვდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის და მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს.
საქართველოს მთავრობამ ნოემბერში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი, მადრიდში განთავსებულ ამ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და ესპანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წარადგინა.
ესპანეთიდან პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია, რომელშიც ასევე შედიან საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, დავოსში გაემგზავრება, რომელიც 17-20 იანვარს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმზე მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება“, – იტყობინება მისი ადმინისტრაცია, „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები“.