Site icon Civil.ge

საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

საქართველოს მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კვლევაში „კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა.

2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და ლატვიასთან ერთად 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის. საქართველო ამ რეიტინგში ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა.

ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე ხდება.

ამ შკალაზე საქართველოს მაჩვენებელი 2012 წელს 52 იყო, 2013 წელს – 49 და 2014-15 წლებში კვლავ 52.

„გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესება (57 ქულა 52-ის ნაცვლად) კორუფციის აღქმის მხრივ ქვეყანაში გარკვეულ (თუმცა მცირე) წინსვლაზე მიუთითებს“- აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო და დასძენს, რომ რეიტინგში დაწინაურება „ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებში მომხდარი ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს“.

„ის გარემოება, რომ 2012-2016 წლებში საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობის ინდიკატორია“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობის გლობალური ქსელის წევრია.

ამასთან, ორგანიზაცია ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ საქართველოში ბოლო დროინდელი „პოზიტიური ნაბიჯებსაც“ აღნიშნავს და კანონმდებლობაში გატარებულ „მნიშვნელოვან“ ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებიც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნასა და მამხილებელთა დაცვის გაუმჯობესებას გულისხმობს.

თუმცა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო ასევე საუბრობს სხვა მნიშვნელოვანი ზომების გატარების საჭიროებაზე „კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად“.

საჭირო ნაბიჯებს შორის, რაც ძირითადად წინა წლების რეკომენდაციებს იმეორებს,  ჩამოთვლილია: სახელმწიფო ინსტიტუტებზე „არაფორმალური გავლენის“ აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის, პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი; სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება სამსახურში მიღება-დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნით, რაც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს; ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა იმგვარი საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების საქმიანობაში, როგორიცაა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საჯარო სამსახურის ბიურო; სახელმწიფო საწარმოებში ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნა; სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება; კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება; მამხილებელთა ეფექტური დაცვა პრაქტიკაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)