ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატს და ამის მიზეზად კვალიფიკაციის ნაკლებობა დაასახელა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან სასამართლოში წარდგენილი კანდიდატების სია შეაფასა“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში გიორგი ბადაშვილის, ალექსანდრე ბარამიძის და ევა გოცირიძის შესახებ.
„ვინაიდან ყველა კანდიდატი არ არის საკმარისად კვალიფიციური, კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ასამბლეამ არ დაუჭიროს მხარი ამ სიას და სთხოვოს საქართველოს მთავრობას, რომ კანდიდატების ახალი სია წარმოადგინოს“, – აცხადებს კომიტეტი.
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 11–წევრიანმა სახელმწიფო კომისიამ გიორგი ბადაშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეესტრის იურისტია; ალექსანდრე ბარამიძე, 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილე, და ევა გოცირიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 47 კანდიდატიდან შეარჩია იმ დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად, რომლებიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სამი კანდიდატი შეარჩია ევროპის სასამართლოში წარსადგენად.
მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა 29 სექტემბერს სამ კანდიდატთან გასაუბრებები გამართა და გადაწყვეტილების „მოგვიანებით“ მიღების გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს. მოსამართლეებს ცხრა წლის ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ სამი კანდიდატიდან, რომელთაც თითოეული წევრი სახელმწიფო წარადგენს. ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის იანვარში იწურება.