საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%–მდე გაზარდა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 7%-მდე გაიზარდოს.
„გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. თუმცა, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2017 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3%-ია პროგნოზირებული.
დეკემბერში კი წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, გაიზრდება, ძირითადად, "ერთჯერადი ფაქტორების", კერძოდ კი „სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენის“ გამო.
„ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა.
„სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება“, – აცხადებს ბანკი.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად გაიზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე წლის ბოლოსთვის. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბრიდან დღემდე 6.5%-ზე უცვლელად რჩებოდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 7 მარტს გაიმართება.