ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო მედიის დამოუკიდებლობის და მრავალფეროვნების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
რეზოლუცია სახელწოდებით „თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლება ევროპაში“, რომელიც PACE–ში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის ვოლოდიმირ არიევის მოხსენებას ეფუძნება, 110 ხმით იქნა მიღებული 15–ის წინააღმდეგ. მას საქართველოს დელეგაციის როგორც ოპოზიციურმა, ისე მმართველი პარტიის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
რეზოლუცია „მიესალმება“ საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც „უზრუნველყოფს ჩარჩოს მედიის თავისუფლებისა და სტაბილურობისთვის“, თუმცა „მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ უწყებას განაგრძოს სახელმწიფო და კერძო მედიის დამოუკიდებლობის და მრავალფეროვნების გაძლიერება“.
ასამბლეამ გაიმეორა 2015 წლის ანალოგიურ რეზოლუციაში გამოთქმული წუხილები და განაცხადა, რომ სინანულს გამოთქვამს „საქართველოში მედია მფლობელობის კუთხით წარსულში განხორციელებული და მიმდინარე ცვლილებების გამო, რაც გავლენას ახდენს მედია პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე საქართველოში“.
„ძალისხმევამ, რომ შეცვლილიყო ქვეყნის ყველაზე პოპულარული პროევროპული ტელევიზიის მფლობელობა, შეშფოთება გამოიწვია ბევრ საერთაშორისო თანამოსაუბრეს შორის და სამოქალაქო საზოგადოებაში“, – ნათქვამია განცხადებაში „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებულ საკუთრების დავაზე მინიშნებით.
ქართული ოცნების დეპუტატებმა რეზოლუციის ტექსტიდან ამ პუნქტის ამოღება მოითხოვეს იმ არგუმენტებით, რომ „რუსთავი 2“–მა სარედაქციო დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და მისი მენეჯმენტიც უცვლელი რჩება, მაგრამ ეს წინადადება ჩავარდა 98 ხმით 24–ის წინააღმდეგ.
„რუსთავი 2 კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებს ხელისუფლების მიმართ და მუდმივად პროგრესირებს. ტელეკომპანია „მაესტროს“ წილები არ უყიდია ახალ მფლობელს; კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლოში რაიმე სამართლებრივი საქმე არ დაწყებულა“, – ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.
რეზოლუცია ასევე „ღრმა შეშფოთებით აღნიშნავს“, რომ მედიის თავისუფლება „არ არსებობს წევრი სახელმწიფოების სხვა ტერიტორიებზე, რომლებსაც დე ფაქტო სეპარატისტული რეჟიმები აკონტროლებენ, კერძოდ აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღში, საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოლდოვას დნესტრისპირეთში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)