Site icon Civil.ge

აფხაზეთს ელექტროენერგიას მოსკოვი და თბილისი მიაწვდიან

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა 30 იანვარს, რომ ენგურჰესზე 2018 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჰესის დროებითი გაჩერება და სადერივაციო გვირაბის დათვალიერება იგეგმება.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მან ამ საკითხზე აფხაზეთის ელექტროგამანაწილებელი კომპანია  „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებთან ისაუბრა 26 იანვარს მინსკში გამართული შეხვედრის დროს.

„15 თებერვალს ჩვენ ვგეგმავთ ენგურჰესის გაჩერებას, ვგეგმავთ გვირაბის დათვალიერებას, რადგან 2018 წლისთვის იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და ამ ყველაფერთან დაკავშირებით იყო საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. წარმატებით ჩაიარა შეხვედრამ. ჩვენ 2018 წელს ალბათ გარკვეული დროით მოგვიწევს ენგურჰესის გაჩერება, რადგან მოხდეს სრულიად რეაბილიტაცია გვირაბის“, – განაცხადა მინისტრმა.

„ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთს ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ პრობლემა არ შეექმნება“, – განუცხადეს Civil.ge-ს ენერგეტიკის სამინისტროში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ასლან ბასარიამ, „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა, განაცხადა 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, რომ მონიტორინგის პროცესი დაახლოებით „სამი–ოთხი კვირა“ გაგრძელდება. იმავდროულად, რუსეთის ენერგოსექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 200 000 კვტ ელექტროენერგია მიაწოდონ აფხაზეთს, განაცხადა ბასარიამ. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი რეგიონის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ამიტომ სხვაობას თბილისი დაფარავს.

„დღესდღეობით, აფხაზეთის მოხმარება, არსებულ კლიმატურ პირობებში, 390 000 კვტ შეადგენს. ამიტომ, ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე დავდგებით… ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქართული ენერგოსისტემა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის იმ დეფიციტის დაფარვას, რომელიც ჩვენ გვექნება“, – დასძინა მან.

ბასარიამ განმარტა, რომ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ამ საკითხზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან მინსკში და რუსეთის ხელისუფლებასთან მოსკოვში.

„რუსეთის დახმარების გარეშე ჩვენთვის საკმაოდ რთულია ამ საკითხების მოგვარება. ცნობილია, რომ ჩვენ უკვე 20 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში. ვინაიდან ეს ობიექტი ერთობლივად გამოიყენება, ვალდებული ვართ, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება შევათანხმოთ, მათ შორის ჰესის გაჩერების, აფხაზეთის მომარაგების და იმ მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ამ მუშაობის პროცესში ვლინდება“, – განაცხადა „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა.

ბასარიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ელექტროენერგიის ფასი 390–500 მილიონი რუსული რუბლის (6.5–8.2 აშშ დოლარის) ფარგლებში იქნება.    

„აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას საბითუმო ფასად და რენტაბელობის გაანგარიშების გარეშე მიიღებს . ტარიფები დაახლოებით 2.30–2.50 რუბლის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ბასარიამ.

მისი თქმით, წყლის დონე წყალსაცავში თავის კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, რომელიც 420 მეტრს შეადგენს ზღვის დონიდან და რის შედეგადაც ენერგოგენერაცია შეჩერდება. მან ასევე აღნიშნა, რომ წყლის დონე წყალსაცავში ამჟამად 431 მეტრს შეადგენს და ჰესი შესაძლოა 15 თებერვლამდეც გაჩერდეს.

„წყლის დეფიციტი აფხაზეთში უკავშირდება ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვან ზრდას… ასევე სერიოზულად გაცვეთილ ელექტროქსელებს“, – განმარტა ბასარიამ. 

საქართველოს ოფიციალური პირები პროგნოზირებდნენ თებერვლის ბოლოდან სეპარატისტული აფხაზეთის სრულ ჩაბნელებას იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა რეგიონის ენერგომოხმარების შემცირება ან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გარდა სხვა წყაროებიდან დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.

სეპარატისტული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში სეპარატისტული აფხაზეთის მხარესაა. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით,  2015 წელს საქართველომ აფხაზეთს 1,797.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 17.31%-ს შეადგენდა; 2014 და 2013 წლებში აფხაზეთს 1,638 მლნ კვტ.სთ (16.11%) და 1,605 მლნ კვტ.სთ (16.57%) მიეწოდა, შესაბამისად.