სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 2 და 3 თებერვალს, შესაბამისად, კომენტარები გააკეთეს საქართველოს ლიდერების განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორი სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლებიც მიიღებდნენ სარგებელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმიდან.
ამ განცხადებების საპასუხოდ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხება და თბილისის შემოთავაზებას „პოლიტიკური მანიპულაციები“ უწოდა.
„მიხეილ ჯანელიძის განცხადებას ვაფასებთ როგორც თბილისის ხელისუფლების კიდევ ერთ მოუხერხებელ მცდელობას, რათა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში „ჩაითრიოს“. ცალსახააა, რომ ე.წ. „ნეიტრალური პასპორტების“ შესახებ ჩანაფიქრის სრული ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცედურის სახით. უდავოა, რომ თბილისის ეს ახალი მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოშო შეიტყუოს, ისევე როგორც ყველა წინა მცდელობა, წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„თუ საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად აღელვებს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხები, მაშინ მათ უარი უნდა თქვან ჩვენი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე, რომელთაც თბილისის გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან“, – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყებამ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს უარი თქვამ საქართველოს პოპულისტური ქმედებების მხარდაჭერაზე და ყურადღებას ვამახვილებთ რეალური ზომების მიღების საჭიროებაზე, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დე-იზოლაციისკენ იქნება მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის საგარეო უწყების მსგავსად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უკუაგდო თბილისის განცხადებები, როგორც „არალოგიკური“ და განაცხადა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები „ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ამ მოიცავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ და არ უნდა, რაიმე საერთო ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოსთან. ვერ შეძლო რა აგრესიის გზით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განადგურების გეგმების განხორციელება, საქართველომ სხვადასხვა სახის დაპირებებს და პროპაგანდისტულ ხრიკებს მიმართა. თუმცა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ისევე როგორც მათი წინამორბედები … ყველანაირი გზით აფერხებენ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების საერთაშორისო კავშირებს“, – განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
განცხადების თანახმად, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს „რუსული მოქალაქეობაც აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ მათ, რომ მსოფლიოში იმოგზაურონ“. „სწორედ საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი სპონსორები უქმნიან მათ დაბრკოლებებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 2 თებერვალს ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, რომ „ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა“.
„ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს – ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უვიზო მიმოსვლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. „მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაწერა თავის Twitter-ზე, რომ „უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებისგან სარგებელი მიიღონ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)