Site icon Civil.ge

პრაღაში აბაშიძის და კარასინის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 7 თებერვალს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა იმ არაფორმალური პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელსაც ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი.

„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ ურთიერთხელსაყრელი კურსი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივ გაჯანსაღებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების 2016 წლის შედეგებზე და ორმხრივი ვაჭრობის და სატრანსპორტო კავშირების ზრდაზე მიანიშნეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კმაყოფილებით აღნიშნა ჰუმანიტარული გაცვლების და ხალხთა შორის კონტაქტების მზარდი ინტენსივობა“ და ამ კუთხით ხაზი გაუსვა 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გაორმაგებას.

მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ მისმა დიპლომატმა „დაადასტურა“ რუსეთის სურვილი „სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების“ თაობაზე და დასძინა, რომ არ გამორიცხავს სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებას. „ეს ასევე დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე, რომ საპასუხისმგებლო სამუშაო განახორციელოს ამ კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრეს-რელიზში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე ელოდება რუსეთის მზაობას, შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ისაუბრეს ამ შეთანხმებაზე და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის „მისი პრაქტიკული განხორციელებისთვის“.

„მხარეებმა არ უნდა გადადონ რეგიონალური ვაჭრობისთვის ამ უკიდურესად საჭირო დოკუმენტის განხორციელება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.   

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კარასინი თქმით, „რუსეთის მხარე, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად, შეეცდება დააჩქაროს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობა“.

ზურაბ აბაშიძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ მას შეხვედრიდან „შთაბეჭდილება“ დარჩა, რომ მოსკოვი „იქით იხრება, რომ შეთანხმება შედგეს და განხორციელდეს“.  თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ „კონკრეტული ჯერ არაფერია“. „ჯერ უნდა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები. დაველოდოთ შვეიცარიელ კოლეგებს, რომლებიც სავარაუდოდ სადღაც მარტის თვეში უნდა გამოჩდნენ“, – განაცხადა მან.   

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აბაშიძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ რეგიონებში და გიორგი გიუნაშვილის საკითხიც დააყენა, რომელსაც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აბაშიძის და კარასინის მომდევნო შეხვედერა 2017 წლის მაისში გაიმართება.