Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ახალ სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 10 თებერვლის შეხვედრის შემდეგ, რომ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს და ხაზი გაუსვა „დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „იზიარებს დასავლური სამყაროს საერთო ფასეულობებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თავისუფლებას“.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს „რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვაშინგტონის მზაობა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისა და იმ სიმამაცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში“, – აცხადებს საგარეო უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეებმა „დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განაგრძონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“.  

ჯანელიძის მოწვევის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „გამოხატა დაინტერესება შესაძლებლობების ფარგლებში ეწვიოს საქართველოს“.

„საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთერთი პირველი მაღალი რანგის დიპლომატია, რომელიც სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა. დიდი დღეა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Twitter-ზე.